ხევისბერი გოჩას ტრაგედია

“ხევისბერი გოჩას” თითოეული პერსონაჟი ხევის ტრადიციების ერთგულია. მიუხედავად ამისა, ყოველი მათგანი თავისებურად არღვევს თემის კანონს.” წერს ჩვენი წიგნის ავტორი, მინდა დავიწყო იმით, რომ მე მას ვერაფრით დავეთანხმებოდი, ისინი არა ხევის კანონის ერთგულნი, არამედ მისი მსხვერპლნი არიან!

თემის სათაური სულ სხვა რამეს მთხოვს, მაგრამ იმხელა პროტესტი დამიგროვდა ამ ნაწარმოების მიმართ, სად წავიღო აღარ ვიცი, ჰოდა ვიფიქრე აქ დავწერ-თქო. ასე, რომ თუ შენ, მკითხველო ელი “ხევისბერი გოჩას(პერსონაჟის) ტრაგედიას” მინდა გითხრა, რომ ამის წაკითხვა შენთვის დროის კარგვა იქნება და მეტი არაფერი, რადგან მე ახლა ვწერ, “ხევისბერი გოჩას” (როგორც ნაწარმოების) ტრაგედიას.

ვიცი ახლა გამკიცხავთ ამისთვის, რადგან მე ვინ ვგდივარ ალექსანდრე ყაზბეგის ნაწარმოები დავიწუნო, მაგრამ ნუ აჩქარდებით, მე მთელი ცხოვრება წინ მაქვს და რა იცით იქნებ ვგდივარ კიდეც ისეთი, რომ მის ნაწარმოებს კრიტიკა დავუწყო.

ნაწარმოების ტრაგედია იწყება სრულიად დასაბამიდან, პირველსავე გვერდიდან, ავტორის ენა აქედანვე აშკარაა, რომ მთელი ნაწარმოების განმავლობაში გულს გაგიწვრილებთ. ეგ იქით იყოს და საშინელი პროტესტი გამიჩნდა ნაწარმოებში ძიძიას გამოჩენისთანავე. ვფიქრობ 16 წლის გოგო არ შეიძლება თხოვდებოდეს, ამ დროს მისი პიროვნება  და მისი პიროვნული “მე”-ც კი არაა ჩამოყალიბებული. ავტორი ამასთან საკმაოდ კარგად აღწერს რას გრძნობდა ამ დროს იგი, როგორ აშინებდა მომავალი, თქვენი არ ვიცი და მე დამებადა კითხვა – რატომ? ასე ძნელი იყო უბრალოდ ეკეთებინა ის, რაც უნდოდა და არა ის, რაც მის ირგვლივ მყოფთ უნდოდათ.

ნაწარმოებში შემდგომი მნიშვნელოვანი ეტაპია ხელისმომკიდეს გამოჩენა, მოხუცი ძიძიას აბარებს ონისეს და მისგან ითხოვს რომ დაიცვას იგი, იყოს მისთვის ძმა და ძმაზე მეტი, აქ კი ავტორი იწყებს მკითხველის წინასწარ შემზადებას, ონისესა და ძიძიას გრძნობაზე ერთმანეთის მიმართ. რატოღაც მგონია, რომ ეს ზედმეტად აქვს გაწელილი, ამასთან კიდევ მეორედ ჩნდება კითხვა რატომ, თუ კი მიხვდა, რომ ამ ქალმა ასე დაახვია თავბრუ რაღას ეფიცება ძმობას? მოკლედ რომ ვთქვათ ერთი პერსონაჟის სულელურ ნაბიჯს, მეორე პერსონაჟის სისულელე მოყვება, ამ ნაბიჯებით უკვე ჩანს რომ ავდივართ კლდეზე და ნაწარმოების ბოლოს ვიქნებით ხრამში. აქედან მოყოლებული ალექსანდრე ყაზბეგი აღწერს თუ რა ხდება ონისეს თავს, სიმართლე გითხრათ ესეთი აღწერილობა ცოტა არ იყოს და ბანალურად მეჩვენება, ერთი და იგივე სიტყვების რახა-რუხი რა საჭიროა ვერ გამიგია,  გავიგეთ, რომ ათრთოლდა და თავს ბრუ დაეხვა. ნწ, ნწ საბრალო ონისე!

არ ძალმიძს, არ გამოვყო ავტორისეული ბუნების აღწერა, ამას ალბათ უფრო შევადარებდი  ჯაყ-ჯაყა მატარებელს, რომელიც მიდის, მიდის, მიდის და ამას ბოლო არ უჩანს.

იმედი ბოლოს კვდებაო, ამბობენ, მეც ნაწარმოების ბოლომდე მქონდა რაღაც პატარა იმედი, რომ ამდენი სისულელეის მერე ერთი სულ პაწაწინა საღი აზრი მაინც გაიელვებდა მასში, მაგრამ შენც არ მომიკვდე!

ხევისბერმა გოჩამ მოკლა საკუთარი შვილი, ისე , რომ  ხელიც არ აკანკალებია. პირველი რაც ამაზე შეიძლება ითქვას – ეს აფსურდია ფსიქოლოგიურად დალაგებული ადამიანის მხრიდან, აქ კი ჩემი პატარა თეორია იჩენს თავს ნუთუ ბოლო მომენტში გოჩა გაგიჟდა?! ბოლოს ის ონისეს ეუბნება “მოძმეთ მოღალატე სიცოცხლს ღირსი არ არის!”, აქედან გამომდინარე, მან ხალხში შვილს ბრალი დადო ღალატში, მაგრამ ეს არ იყო ღალატი ერისა, ან მოძმეთა, ეს იყო ღალატი თვითონ გოჩასი. აქ გამოაშკარავდა მისი ეგოიზმი, მან ხალხის აზრი არჩია საკუთარ შვილს, თუ ვივარაუდებთ, რომ იგი შვილის მიერ იმედგაცრუებამ გააგიჟა მაინც ვერ მივალთ ნორმალურ ახსნამდე, რამეთუ მან ონისე მოკლა მხოლოდ იმის გამო რომ სუფთა სინდისით ევლო ხალხში, რომ მას აღარ შეერცხვინა, მოკლედ მკითხველო ბევრი ვიფიქრე და ამის მეტი დასკვნა ვერ გამოვიტანე.

რაც შეეხება დამნაშავეს, მთავარი დამნაშავე აქ ძიძიაა, ჯვრისწერის დროს მას უბრალოდ შეეძლო ეთქვა “არა” ასე დაიხსნიდა თავსაც, გუგუასაც, ონისესაც და გოჩასაც, ანალოგიურად ონისეს შეეძლო ეთქვა თავისი გრძნობების შესახებ და ამით ყველას იხსნიდა, მაგრამ მოცემულ შემთხვევებში ვაწყდებით ერთსა და იმავე დილემას, რომელსაც ხალხის აზრი ჰქვია.

ნაწარმოები ამობს : გადავაყოლოთ ყველაფერი ხალხის აზრს!

ლამაზ სხეულში ლამაზი სული?

 

თქეშა წვიმის ხმაში ყურსასმენებიდან გადმოღვრილი მელოდია ჩახშულიყო, მაღლა არ ვიხედებოდი, არ მინდოდა სახე ერთიანად დამსველებოდა, მითუმეტეს ახლა, როცა თალები ძლივს ჩავიხატე სარკის წინ საათ ნახევრიანი ტრიალის შემდეგ. გაზაფხულდა-თქო და გავიჯეჯილე, ქოლგა არ წამოვიღე, სულელი, სულელი, სულელი მე! ძლივს გავბედე მაღლა თავის აწევა, საშინლად ცივი წვეთები სახეზე ვიგრძენი, შემაჟრჟოლა, ჩემს წინ სილუეტი გამოიკვეთა, გრძელი, შავი სწორი თმა, სახე არ ჩანდა, მაგრამ ზუსტად ვიცოდი ის იყო… მისი დგომის მანერა, წითელი ქოლგა, რომელთან ერთადაც არასოდეს მინახავს, მაგრამ მაინც ის იყო და ამაში ეჭვის შეტანა ჩემი მხრიდან დანაშაული იქნებოდა და მეტი არაფერი.

გაზაფხულის წვიმის სუნი ვიგრძენი, ჩამთბა… არ ვიცი, მართლა იდგა გაწუწულ „ტრასაზე“ ეს სურნელი, თუ მხოლოდ დეჟავიუს მორიგმა დარტყმამ იკივლა ჩემს თავში.

ნაბიჯს ავუჩქარე, მუსიკის ფონზე გარკვევით ისმოდა ფეხსაცმლის კაკუნი, ვუახლოვდებოდი, წვიმა კი თითქოს იმატებდა, ის ვერ მხედავდა , ზურგით იდგა, თავ ჩაღუნული მივიწევდი წი, როცა წვიმა შეწყდა, ყოველ შემთხვევაში ჩემს თავზე შეწყდა. ქოლგის ქვეშ ვიყავი.

თავი მაღლა ავწიე და მისი მზერა დავიჭირე, სქელი ტუჩები, პატარა კოხტა ცხვირი და მწვანე თვალები, მისი მწვანე თვალები!

ჩავეხუტე, ალბათ ზედმეტი იქნებოდა ამ მომენტის სიტყვებით და ლაპარაკით შევსება.

როგორ მიყვარს ჩემი შტერი!

მისი სუნი ვიგრძენი! მივხვდი! ლამაზ სხეულში ლამაზი სული, ან იქნებ სუნი? ალბათ ორივე… არ ვიცი, მაგრამ ის კი ზუსტად ვიცი, რომ ადამიანებს სულ ვიყვარებდი მათი სულიერი სამყროს გამო, რომელსაც ჩემთვის მიმზიდველი სურნელი ადიოდა! და ეს სურნელი ხშირად იმდენად მაბრმავებდა, მათრობდა, რომ ადამიანის გარეგნობაც კი მიყვარდება, ისევე როგორც მიყვარს ჩემი ლამაზი, მწვანეთვალება ბიძაშვილი და მისი სუნი! გაზაფხულის თქეშა წვიმის სუნი!

p.s. ვულოცავ ჩემს ბლოგს დაბადების დღეს! უკვე 2 წლის ვართ!

სად არის „გზა ხსნისა“?

აზრი არა აქვს! მაინც არავინ დამეთანხმება… რატომ ? იმიტომ, რომ მათი არ დათანხმებით დაადგებიან გზას ხსნისას… მე? გამეცინება, ან სხვა რა გზა მაქვს? ვინ ამომაღებინებს საერთოდ ხმას?! სიტყვები მხოლოდ ფურცელს დარჩება, როგორც „ისტორიას დარჩება ის, რაც ვიპოვეთ ჩვენ.“

„გზა ხსნისას“ ხსენებისას ვხედავ უზარმაზარ რიგს. რომელიც აბათ საქართველოს 90იანების რეალობას თუ მოგაგონებთ, როცა ქალები, კაცები, დიდები და პატარები ელოდნენ პურს, მაგრამ ეს რიგი ბევრად უფრო მაშტაბურია, ესაა რიგი „ტენდენცია“ რომელზე უარის თქმის შემთხვევაშიც წიხლით შეგდგებიან, დაგემუქრებიან სამარადისო ტანჯვით რომლის შიშმაც გააერთიანა ისინი. რიგი თითქმის არ იძვრის. ხალხს შორისაც არაა რაიმე კანონზომიერება, შავ ბერეტიანი მხცოვან ქალს მოსდევს პატარა ბიჭუნა უცოდველი გამომეტყველებით და ბინძური ფიქრებით რომელსაც შიშით ვერავის უზიარებს, რადგან არ უნდა ემსხვერპლოს „ხსნის გზაზე“ მდგომთ. ერთადერთი რაც ამ ხალხს აერთიანებს არის შიში და მხოლოდ და მხოლოდ შიში, ამას ნებისმიერის ვითომ უცოდველ თვალებში ამოიკითხავთ. აი რიგი დაიძრა მაგრამ საით? არარაში, რამეთუ ისინი ისწრაფვიან ილუზიისაკენ.

თითოეულს ერთხელ მაინც გაუვლია თავში,  თუ რატომ უნდა ისწრაფვოდნენ რაღაც „ხსნისკენ“, მაგრამ მალევე განუდევნიათ ეს ფიქრი თავიდან, მახოლოდ იმიტომ რომ ამის თავში გავლებაც კი გაშორებს „გზას ხსნისას“. ვინ მოიგონა ეს?  ადამიანმა, ისევე როგორც თავად „გზა ხსნისა“ და იგი ისეთივე ილუზიაა, როგორიც შეიძლება იყოს სიხარული, მისკენ ყველა ვისწრაფვით, მაგრამ იგი თითოეული ჩვენგანისთვის სხვადასხვა რამესთან ასოცირდება, ვიღაცას ამისთვის თოვლი ყოფნის, ვიღაცას ერთი ჩახუტება, სხვისთვის ესაა ბეჭედი თითზე, აი იმ პატარა ბავშვისთვის კი შეიძლება ერთი შოკოლადის ფილა სრულიად საკმარისი იყოს და მაინც  ჩემთვის სიხარულისკენ სწრაფვა უფრო საინტერესოდ და ბუნებრივად ჟღერს, ვიდრე – ხსნისკენ. სიხარული, ხომ იმისთვისაა, რომ თუნდაც წამით მისი საპირისპირო გრძნობები დაივიწყო. აი ხსნა კი მართალი გითხრათ არ მესმის. საერთოდ რისგან დახსნას ცდილობენ? საკუთარი ხორცისგან?  ეს ხომ უმარტივესი ამოცანაა, რომლის გადაჭრაც პირდაპირი და არაპირდაპირი მნიშვნელობით უბრალო ბასრი დანით შეიძლება, ან ყულფით, რავიცი უამრავი უმტკივნეულო, დრამატული და კიდევ მეტად დრამატული საშუალება არსებობს რიგირც უფრო სწრაფად წაიწევს წინ და ერიჰა არარასკენ ქალებო, კაცებო, დიდებო და პატარებო!

და მაინც არც ამ ლაპარაკს, არც ირონიას, არც სარკაზმს, აზრი არა აქვს!

აზრი არა აქვს!

აზრი არა აქვს! მაინც არავინ დამეთანხმება რათა  მათი არ დათანხმებით დაადგნენ გზას ხსნისას.. თუ გზას არარასკენ… ვინ იცის?..

განდეგილობაზედ!

ძვირფასო მკითხველო! იმ დღეს კლასში სიტყვამ მოიტანა და ვფიქრობ კარგი იქნება თუ ჩემს აზრებს ამის შესახებ თქვენც გაგიზიარებთ, თუ გინდათ ამას აღსარება დაარქვით , ან ცხოვრების ნებიერას ნაბოდვარი, ან სატანის მიერ მოგზავნილის ქადაგება, რაც გინდათ, ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა მე კი ჩემსას ვიტყვი…

იყო დრო, მეშინოდა, თანაც ძალიან მეშინოდა იმის, რომ ჩემი ამა თუ იმ ქმედების გამო დავისჯებოდი რაღაც ჯოჯოხეთში, მერე კი მივხვდი, რომ არსადაა იმაზე დიდი სადამსჯელო ორგანო ვიდრე – ცხოვრების ფერხულია. ვუყურებ ხალხს, რომლებიც იშენებენ ირგვლივ კედლებს, მხოლოდ იმისთვის, რომ გაეთიშნონ მას, მე თუ მკითხავთ სწორედ ესაა შვება და ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება ცხოვრებისგან განდგომა იყოს შესაძლებლობების შემოწმება, შენ ხომ ამ დროს ტყვიაგაუმტარ ნაჭუჭში ხარ ამ ცხოვრებისეული საშინელებებისგან შორს. სულაც არ წარმოადგენს ეს რაიმე გამოცდას, პირიქით შენ ამ დროს ეთიშები თამაშს და გადადიხარ „დაპაუზებულ“ მდგომარეობაში, როცა არავითარი საშიშროება აღარ გემუქრება.

რელიგიური მიზეზების გამო ყველაფრისგან განდგომა და განდეგილობაც ასეთივე უაზრობა მგონია, ესეთი ცხოვრება სულაც არ ცდება ადამიანურ შესაძლებლობებს, პირიქით მის უფრო გამარტივებულ ფორმებში ჯდება, რადგან არამგონია ასეთი ყოფისას აღმოჩნდე ისეთი განსაცდელის წინ რისი მოწყობაც შენთვის ცხოვრებას შეუძლია. როცა, მთელს დღეს ოთხ კედელში, ლოცვაში ატარებ აქ დრო და სივრცე უკვე მნიშვნელობას კარგავს, შენ 1 წამით ადრე დაიწყებ ლოცვას თუ ერთი წამით გვიან არ აქვს ამას რაიმე მატერიალური მნიშვნელობა. ხოლო თუ ამ ოთხ კედელს გამოცდები საქმე სულ სხვა გვარად იქნება, აქ  შეიძლება შენს წამიერ დაგვიანებას ემსხვერპლო ან სხვა გახადო ამის მსხვერპლი, რამეთუ აქ დრო და სივრცე ბატონობს. შეიძლება შენ აღმოჩნდე არასწორ ადგილზე არასწორ დროს, ამან კი გამოიწვიოს ვიღაცის შეყოვნება, იმან კიდევ სხვა შეაყოვნოს , ამ დროს ეს უკანასკნელი, რომელიც იმ დროს სხვაგან უნდა ყოფილიყო შესაძლოა მანქანამ გაიტანოს და აღმოჩნდეს, რომ მძღოლი დილით ცოლს რომ 2 წუთით არ შეეჩერებინა იმ დროს იმ კონკრეტულ ადგილს გაცდენილი იქნებოდა და ეს ყველაფერი უმსხვერპლოდ ჩაივლიდა. მაგრამ ამ ჯაჭვს რომ მივყვეთ, ვინ სად დაიწყო მოვლენათა ცვლილება, დამნაშავეს ვერასოდეს ვიპოვით და პრინციპში ის არც არსებობს.

ახლა აღარ მეშინია, იმიტომ, რომ ვიცი ცხოვრებისეული ტკივილი და ბედნიერება, საერთოდ ყველაფერი მორჩება ოთხფიცარს შორის, იქაც მეყოფა ამ ცხოვრებისგან გათიშვა და ე.წ. „დაპაუზებული“ მდგომარეობა.

ცხოვრება ხანმოკლე თავგადასავალის შანსია მარადიული ძილის წინ და სულაც არ მინდა ეს შანსი მოვსპო რაღაც განდეგილური არსებობით. ეს იქნება ჩემი შესაძლებლობების შემოწმებისგან გაქცევა და არა თავის გამოცდა. ვთვლი, რომ ეს ისეთივე სისულელეა, როგორც სკოლაში გამოცდიდან უეცარი გამოქცევა, ასე ხომ შენს მომავალს შენივე ხელით უსვავ ხაზს.

ადამიანი?!

სხვადასხვა  რელიგიური შეხედულებების მქონე ადამიანებისთვის სიტყვა – „ადამიანის“ განსაზღვრება სხვადასხვანაირია, რამეთუ მათი მსოფლმხედველობა რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან, ამიტომ ვთვლი, რომ ჩემი მხრიდან ადამიანის ასეთი კუთხით დანახვა არასწორი იქნებოდა.

ამ ხანმოკლე სიცოცხლის მანძილზე ბევრი არ მინახავს, მაგრამ სხვადასხვა ფსიქოტიპის თუ აზროვნების ადამიანებს ყოველდღიურად ვხედავ და თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ისინი ერთნაირები არიან.

თუ ადამიანს ავი ძაღლი გამოეკიდება ის დაუფიქრებლად გაიქცევა ისე, რომ იმის გააზრებასაც ვერ მოასწრებს საით მირბის.

თუ ადამიანთა ჯგუფი ორმოში აღმოჩნდება, სადაც არანაირი საკვები არ იქნება, ამოქმედდება ბუნების ნომერ პირველი კანონი – შეჭამე ან შეგჭამენ, და არც მეტი არც ნაკლები ისინი მგლის ხროვას დაემსგავსებიან და ერთმანეთსაც გემრიელად შეახრამუნებენ.

თუ ადამიანი აღმოჩნდება წყალში და ვერ შეძლებს გაცურვას, იგი მის საშველად გასულ ადამიანს დაახრჩობს, რათა დაეყრდნოს გვამს.  ის ამას გაუცნობიერებლად გააკეთებს.

თუ ქალი და კაცი აღმოჩნდებიან სადმე შორს უკაცრიელ კუნძულზე, რომლიდანაც არ არსებობს თავის დაღწევის საშუალება, აუცილებლად გაიღვიძებს ცხოველური ინსტიქტები.

თუ ადამიანს „აღზრდის“ ცხოველი ალბათ ყველას მოგეხსენებათ როგორიც იქნება შედეგი – მივიღებთ“ტარზანს“ ან „მაუგლის“.

თუ ადამიანს გაიზრდება ცივილიზაციისგან მოწყვეტილ ადგილზე (მარტო), იგი რადიკალურად განსხვავებული იქნება ჩვენგან. ის თავიდან აღმოაჩენს იმას რაც პირველყოფილმა ადამიანებმა აღმოაჩინეს და ისწავლეს, მისი ცხოვრების ნირი იქნება ყოვლად განუვითარებელი, რაც შეგვიძლია მივაწეროთ ჩვენს მნიშვნელოვან უნარს  – ჩვენ ერთმანეთს ვუზიარებთ ინფორმაციას და დაგროვილ ცოდნას, გამოცდილებას, ასე რომ სწორედ ეს ყოფილა ადამიანურობის საწყისი – განათლება. მის გარეშე ჩვენ პრიმიტივებად ვიქცევით.

ეს ყველაფერი აქსიომაა და  თქვენ ეს თავადაც იცით, თქვენს წინაშეა ორფეხა ცხოველი -ადამიანი, თავისი ცხოველური ინსტიქტებითურთ. ხშირად ეს შესამჩნევი არაა, რამეთუ ადამიანმა ამდენი საუკუნის განმავლობაში ისწავლა ნიღბის უბადლოდ გამოყენება და იგი მსახიობად იქცა, ის თავის ცხოველურ გამოხტომებს საგულდაგულოდ მალავს, რის გამოც ერთი შეხედვით ცხოველსა და მას შორის ბევრი სხვაობაა, მაგრამ საკმარისია კრიტიკულ სიტუაციაში აღმოჩნდეს, მას სულ ავიწყდება თავისი ნიღაბი და მსახიობური ნიჭი და სცენაზე ვხედავთ ცხოველს, რომელიც არ აპირებს კვლავ დამალოს თავისი ნამდვილი სახე ადამიანის ტყავში.

მაშ როგორ შეიძლება ყველა ადამიანი კაცი იყოს? არა, ეს შეუძლებელია. ჩვენ ვცხოვრობთ ცხოველთა ბრბოში რომლებიც თავიანთ თავს ადამიანებს უწოდებენ, მათ თავადაც იციან, რომ არაფრით განსხვავდებიან ცხოველებისგან . უი ჰო.. სულ დამავიწყდა, თავითონ ამას არასდროს აღიარებენ, არამედ ურცხვად უარყოფენ კიდეც თანაც საკმაოდ „მყარი“ არგუმენტით – „ჩვენ ადამიანურობას სიყვარული გვანიჭებს“. სასაცილოა ამისთანა უბადრუკი არგუმენტის მოსმენა, ნუთუ ცხოველს არ შეუძლია სიყვარული, ნუთუ ძაღლს თავის პატრონი არ უყვარს?  აქ კი ჩნდება კითხვა ცხოველში დევს ადამიანური, თუ ადამიანში – ცხოველური, თუ უბრალოდ ეს ორი ცნება ერთი და იგივეა?!

მაქს შლეის აზრით ადამიანი კოსმოსია.

ხოლო არისტოტელე ამბობდა: „ადამიანი თავისი ბუნებით საზოგადოებრივი ცხოველია“

„ადამიანი ერთადერთი ცხოველია, რომელსაც შეუძლია ცეცხლის გაჩენა, ამის წყალობით მოიპოვა მან ბატონობა დედამიწაზე.“ ამბობდა რივაროლი.

მე ალბათ ამ ორ უკანასკნელს დავეთანხმებოდი, რამეთუ თქვენს წინაშეა ადამიანი- ორფეხა ცხოველი.

როცა დავბრუნდი

„-  მგზავრებს ვთხოვთ გამოცხ…“ ხმა ყურსასმენებით ჩავახშე, ეს ოთხი წელიწადი ისე გავიდა თითქოს არც ყოფილა, გუშინდელივით მახსოვს ამ აეროპორტში, პირველად რომ დავადგი ფეხი ნანატრ ინგლისში.

აეროპორტი დიდად არ შეცვლილიყო, დამლაგებლები ისევ დარბოდნენ წინ და უკან, რათა შემომსვლელების მიერ შემოტანილი ჭუჭყი სწრაფად მოეშორებინათ, აქ სისუფთავის შენარჩუნება რთულია სულ წვიმს, მუქი ფერის ნაფეხურების წმენდა კი სასჯელივით გახდომიათ ამ უნიფორმაში გამოწყბილ ქალებს.

საპირფარეშოში შევედი, სარკიდან გამხდარი სილუეტი მომაშტერდა, თვალები მაგრად დავხუჭე და გავახილე, სილუეტი ძლივს გამოიკვეთა. შავად ჩახატული თვალები ოდნავ გადღაბნილიყო და უფერული ტუჩები ამ კონტრასტში საშინლად ცივ , უემოციო სახეს მიჩენდა. ჩემს არაფრისმეტყველ სახეს დაკვირვებით დავუწყე ცქერა და მომეწონა აი ასეთი ვარ – ყინულივით ცივი და მკაცრი, იმდენად მომეწონა ჩემი ეს იმიჯი რომ ანარეკლს შევატყვე როგორ ჩაეღიმა, მე ვიღიმოდი, ძველებურად თბილად. სულელივით საკუთარ ანარეკლს ვუღიმოდი.

მუსიკას ოდნავ ჩავუწიე, ” There’s possibilities..” გაისმა ყურსასმენებში  Lykke Li-ს ცივი ხმა „ზუსტად ამ მომენტს შეეფერება“, გავიფიქრე “tell Me when you hear my heart stop” ჩემდაუნებურად ავყევი სიმღერას…

შუაზე გადაყოფილი თმა გვერდულად გადავივარცხნე და ოთახი დავტოვე, გარეთ ხალხი ისე არ ირეოდა, როგორც ჩემი ჩამოსვლის დღეს, ან იქნებ ირეოდა კიდეც, მაგრამ ჩემი განწყობა არ მაძლევდა ამის დანახვის უფლებას.

თვითმფრინავისკენ წავედი, როცა ვიღაც უცნობს დავეჯახე, ეს არანორმალურად ლურჯი თვალები ადრეც მენახა, ხო ეს ის იყო, ვისაც ოთხი წლის წინ ამავე ადგილზე ზუსტად ასევე შევეჯახე, უყურადღებო ვარ და მეტი არაფერი გავბრაზდი ჩემს თავზე, და მის ფორმას თვალი შევავლე. „ჰო რა თქმა უნდა, მაშინაც ასე ეცვა, ალბათ აქ მუშაობს.“, ჩემთვის  გამოვიტანე დასკვნები.

-I’m sorry young Lady! -მითხრა და თავი დახარა, ხელით უცებ ვანიშნე არაუშავს მეთქი სიტყვიერი პასუხი არც გამიცია, უკვე ვაგვიანებდი . სასწრაფოდ გავიქეცი თვითმფრინავისკენ.

ჩემს ადგილზე მოვიკალათე, წინ ხანგრძლივი მგზავრობა მელოდა და კომფორტულად უნდა მოვწყობილიყავი. ფანჯარაში წვიმის მსხვილი წვეთების გარჩევა არც ისე რთული იყო, სტიუარდესა გამოჩნდა, მორჩა… მე ვემშვიდობებოდი ჩემს ლონდონს, ჩემს ლამაზ ოთხ წელიწადს.

“Lady” ჩავიჩურჩულე ცოტა ხმამაღლა, ფიქრებში წასულმა, ამიერიდან აღარავინ მომმართავდა ასე, ამიერიდან სადაც მინდოდა იქ ვერ ვილაპარაებდი ჩემს საყვარელ ენაზე, ამიერიდან ზრდილობიანი ხალხი შემცირდებოდა, ამიერიდან ერთი ტიპის ხალხიდან მომიწევდა მეორე ტიპის ხალხთან შეგუება, ამიერიდან აღარავინ შემომთავაზებდა დესერტად ნამდვილ ინგლისურ პუდინგს, ამიერიდან ჩაიზე აღარ მიმიწვევდნენ და კიდევ იყო უამრავი რამ, რაც მე მხიბლავდა და ვეღარ იარსებებდა ჩემს გარშემო.

თვითმფრინავი ზანტად დაიძრა.

*           *            *

რამდენიმე საათიანი ფრენის შემდეგ აეროპორტში დავეშვით, მგზავრობამ მშვიდად ჩაიარა ყოველგვარი გაუთვალისწინებელი შემთხვევების გარეშე.

აეროპორტში მამა მელოდა.

-როგორ იმგზავრე სარა? -მკითხა ისე თითქოს თემას ეძებდა, ამდენხნიანი განშორების შემდეგ ცოტა გაუცხოვებულიყო.

-კარგად მა.. თქვენ როგორ ხართ? უჩემოდ ხომ არ მოიწყინეთ?

-ცოტა… -ჩაილაპარაკა მხნედ და მანქანისკენ გამიძღვა, თან ჩემს ვეებერთელა ჩემოდანს მიათრევდა. – დაგენანა შენი ოცნების ქალაქის დათმობა?

-კი.. ძალიან. – ვუთხარი გულახდილად და ამოვიოხრე.

-დედამ გადაწყვიტა სახლში დაგელოდოს, მგონი რაღაც გემრიელსაც დაგვახვედრებს.

მანქანიდან ვხედავდი ქუჩებს რომლებიც უკვე დიდი ხანი იყო არ მენახა, ცოტა არ იყოს ჩემს ასეთ რეაქციას არ ველოდი, მე ძალიან მყვარებია ჩემი უბანი. ადგილები სადაც ყოველდღე დავდიოდი, სკოლა, ყველაფერი ძველებურად იყო.

სახლში მთელი ოჯახი შეკრებილიყო, დღემ ასე თუ ისე მხიარულად ჩაიარა, უფრო მეგემრიელა დედას ნახელავები. ისინი არ შეცვლილიყვნენ, ლონდონი ძალიან მიყვარდა მაგრამ არა მათთან ყოფნაზე მეტად, მე იქ მომავლის პერსპექტივა მქონდა, იმ მომავლისა, რომელიც კაცმა არ იცის იარსებებდა თუ არა. აქ კი წარსული და უკვე აწმყო, რომელიც არსებობდა და მე შევიგრძნობდი მის არსებობას მე ისევ დავბრუნდებოდი ლონდონში, მაგრამ ახლა უკვე ვიცოდი რომ სახლში დაბრუნება ღირდა. იმ ქვეყნის გამო, რომელიც მომავალში ვერაფერს დამპირდებოდა არასწორი იქნებოდა ძვირფასი ადამიანების დათმობა.

*              *              *

მეორე დღეს სახლი დაცარიელდა.

ჩემს და-ძმებს საქმეები ქონდათ, მათ უკვე თავიანთი ცხოვრება აეწყოთ, ოჯახი და ბავშვები. მე დედასთან და მამასთან სრულიად მარტო ვრჩებდი. მხოლოდ ახლა მივხვდი, რომ მათ მთელი ამ დროის განმავლებაში ვჭირდებოდი. თითქოს უკვე მათი შვილები მათი ცხოვრების ნაწილი აღარ იყვნენ, თითქოს ეს ჯაჭვი გაწყდა. მათ უკვე მხოლოდ ერთმანეთიღა დარჩენოდათ ჯაჭვში.

თავი ცუდად ვიგრძენი, თითქოს მათ შრომა ვერ დავუფასე, თითქოს ჩემი წასვლით ისინი სრულიად მარტო დავტოვე, თითქოს მე დავუშვი ამ ჯაჭვის გაწყვეტა.

და მე ჩემ თავს დავპირდი რომ მე კიდევ დავბრუნდებოდი თანაც ხშირად, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ჯაჭვი არ გაწყვეტილიყო მხოლოდ იმიტომ, რომ მე მათ წრეში ყოფნა მაბედნიერებდა. მხოლოდ იმიტომ, რომ ეს იყო რეალობა, რომელსაც 100 პროცენტით ვგრძნობდი.

On the edge of reality!

ოთახი სავსე იყო ნაცნობ-უცნობებით, მახსოვს დიდი ღუმელი და სიფრიფანა ფაიფურის ფინჯნები, მგონი ჩაის ვსვავდით. თბილი გარემო იყო, ვიღაც უცნობის ღიმილიც მახსოვს მერე, რაღაც სიცივისმაგვარმა დამიარა ტანში, თავადაც არ ვიცი რატომ ან როგორ, გარეთ გამოვვარდი, სახლი რომელიც დავტოვე არასოდეს მენახა, სახლიდან თითქოს ორი ნაბიჯიც არ გადამიდგამს, რომ სუნთქვა  შემეკრა ტრასა გადაჭედილი იყო ხალხით, მაგრამ ეს არ იყო ჩვეულებრივი სიტუაცია, ეს არ იყო ჩვეულებრივი ხალხი. ჰაერში ლივლივებდა  შუშის “კოლოფები” თავისი მიცვალებულებითურთ,  ჟრუანტელმა დამიარა.

ნეკროფობია კიდევ გაორმაგდა, გასამმაგდა… გაასმაგდა. უკან გავიხედე სახლი აღარ ჩანდა,  დასაბრუნებელი გზა აღარსად იყო, საშინელმა შიშმა შემიბყრო, ზურგზე ვიგრძენი თითქოს ვიღაც მათკენ მიჯიკებდა, მაგრამ შიშით ვერ მივიხედე, ეს რომ ისეთივე მოლივლივე მიცვალებული ყოფილიყო… არა! არა! არა! გაფიქრებაც არ მინდა! დაჟინებით დავიხედე დაბლა, მაგრამ რაც იქამდე იხილეს ჩემმა თვალებმა სრულიად საკმარისი აღმოჩნდა, მიცვალებულების ნაწილი დასახიჩრებული იყო, ზოგი სულ გაშავებული, არ ვიცი ეს რისგან იყო გამოწვეული და ჩემი ნეკროფობიის გადამკიდე სულაც არ მსურდა ამის გარკვევა.

უცბათ ეს ყველაფერი გაქრა და სასაფლაოზე აღმოვჩნდი. ხელები წელზე მაგრად შემოვიხვიე, ისე თითქოს საკუთარ თავს ვეხუტებოდი და ვამშვიდებდი. მე ჩვეულებრივ სასაფლაოზე არ ვიყავი, აქ მიცვალებულები მიწაზე ესვენა გამჭვირვალე კუბოებში, ჩემდა გაასაოცრად არცერთი მათგანი გახრწნილი არ იყო, ირგვლივ სხვადასხვა ფორმის შუშის კოლოფებს ვხედავდი, მინდოდა თვალებზე რამე მქონოდა ახვეული, თუნდაც ბრმა ვყოფილიყავი ორონდ ეს ყველაფერი არ დამენახა და არ დამემახსოვრებინდა. ერთ-ერთ “კოლოფში” დავინახე როგორ გაახილა თვალი ადამიანმა, არსაიდან მოსული ხალხი კი მას შემოეხვია და იქიდან გამოიყვანა.

არა ეს ვერ იქნებოდა რეალური, მაგრამ მე ამ ყველაფერს ისე რეალურად აღვიქვავდი!  მე ალბათ სადღაც რეალობის  ზღვარზე ვიყავი!

შუქმა თვალი მომჭრა, მე გვირაბში ვიდექი. ნუთუ ეს იყო ის საოცარი გვირაბი, რომელზეც ამდენს დაობენ, რომლის ბოლოსაც სინათლეა? სხვა რა დამრჩენოდა? შუქს  მივყევი. გასასვლელს თითქმის მივუახლოვდი, როცა ისევ დავინახე ის “კოლოფები” რომლებიც უკვე არანორმალურად მეზიზღებოდა. ჩემდა გასაოცრად არ შემშინებია, მეშინოდა მხოლოდ რამდენიმე მიცვალებულის, ხოლო დანარჩენები შიშს არ იწვევდნენ. სიბნელეში ჯერ მხოლოდ ჩემი ორი თვალი იცქირებოდა, მერე 4 მერე 6… 10… 20… რათქმაუნდა ისინი მე არ მაშინებდნენ, რადგან არ იყვნენ მიცვალებლები, ისინი შემთხვევით მოხვდნენ აქ…

საშინლად შემცივდა, ჩამობნელდა და…. მე უეცრად თვალები გავახილე, უკვე ჩემს ოთახში ვიყავი, საწოლში მოკუნტული, მეშინოდა შუქის ასანთებად ადგომის, ვგრძნობდი ნელ-ნელა ლოყები როგორ მისველებოდა. ვტიროდი, ალბათ იმიტომ რომ  ჩემს წარმოსახვაში არსებულმა ამ გვამებმა  შემაშინეს. მინდოდა დამვიწყებოდა რაც ვნახე მაგრამ უშედეგოდ, ტელეფონი ავიღე იმ იმედით რომ ვინმეს ეღივძებოდა, მაგრამ ერთადერთი ადამიანის გარდა ჩემთვის ვერავინ მოიცალა!

და დავიძინე, ქვეცნობიერად კი მეშინოდა, რომ შეიძლებოდა ეს კოშმარი გაგრძელებულიყო, რომ მე კიდევ ერთხელ აღმოვჩნდებოდი რეალობის კიდეში.

“რეცენზია” ქართველთა შესახებ

უწინაც ვთქვი და კიდევ ვიტყვი, ჩვენ ქართველებს, ყველაფერის გადაჭარბება გვიყვარს, სულ ყოველთვის ყველაფერი ზედმეტი მოგვდის ჭამაც, დალევაც, სიმღერაც, ხუმრობაც, ჩხუბიც და მოკლედ ქართული ტრადიციებიც ამ ჩვენი ზედმეტობის სიყვარულზეა აგებული.

ალბათ უფრო ქართველთა პრობლემას დავარქმევდი ე.წ. სტუმართმოყვარეობას რომელიც სინამდვილეში ნიღაბია ჭამა-სმის სიყვარულისა. ჩვენს ქვეყანაში ქეიფი ყოველდღეურობაა, ვჭამთ და ვსვავთ ყველგან სადაც კი მაგიდის დადგმა შეიძლება. საჭმელს არ ვივიწყებთ ოცნებასშიც კი, ჩაატარეთ ექსპერიმენტი და თქვით საზოგადოებაში „რა კარგი იქნებოდა ახლა ტყეში კოცონის გარშემო რომ ვისხდეთ“ ვიღაც აუცილებლად წამოაყრანტალებს, „კოცონი ტყეში და  მწვადი მმმ..“ ხო,  ვერ შეგედავებათ კაცი,  ტყეში „მწვადაობა“ მართლაც ერთი სიამოვნებაა, მაგრამ ეს კონკრეტული მაგალითია, უნდა ვაღიაროთ რომ ქართველთა უმეტესობა ძილშიც კი ქეიფზე ოცნებობს.

ყველასთან  მოგვაქვს თავი ჩვენი სუფრის კულტურით და მაინც რაში მდგომარეობს ეს ყოველივე?  მთავარი ატრიბუტი გახლავთ თამადა, რომელიც წესით უნდა იყოს მჭერმეტყველი, სუფრის ირგვლივ მჯდომნი უნდა უსმენდნენ მას, მოკლედ ის უნდა წარმართავდეს მთელს სუფრას. რეალურად კი სულ სხვა სურათი გვაქვს: თამადა არის არა მჭერმეტყველი – არამედ რაც შეიძლება დიდი ღიპის პატრონი, ზეპირად იცის ოციოდე სადღეგრძელო და ძნელად თვრება. თამადას რეალურად ევალება ჩემოდანივით მოხსნას პირი და რაც შეიძლება მეტი ღვინო გადაუშვას თავის სათუთ ღიპში, თუ ძალიან მაგარია „განსხვავებულსაც“ მოითხოვს რომელიც ან დიდი  ზომის სასმისია ან დიასახლისის ფეხსაცმელი.

ქართული ქორწილი ფენომენალური მოვლენაა, მე მას დავარქმევდი „გამოპრანჭულ ჭამას“ რადგან მთელი პროცესი მიდის სუფრის ფონზე თავისი სადღეგრძელოებით, მაგრამ თამადას არავინ უსმენს.  სტუმრები – ზუზუნებენ და არჩევენ რა აცვია მათ გვერდით მჯდომს, ან როგორ ჭამს გვერდით მაგიდაზე ის მსუქანი ქლბატონი, ვიღაც უკვე გვარიანად გამოთვრა და სახლშია წასაღები, ვიღაცას ცოლი ეჩხუბება „მანქანით ხარ, რაღა მოგივიდა მეტი არ დალიოო“, მოკლედ სუფრაზე სრული ქაოსია. ნეფე-პატარძალი მეჯვარეებთან ერთად ცალკე მაგიდაზე ზის. პატარძალი ნაძალადევად იღიმის, რადგან კორსეტი რომელიც იმ იმედით იყიდა, რომ ორ კვირაში გახდებოდა საშინლად უჭერს და კაბაზეც გამუდმებით ფეხს იდგავს. ნეფეს ერთი სული აქ როდის დასრულდება ყოველივე, რომ ბოლოს და ბოლოს ეს სულელური ჰალსტუხი მოიხსნას. არადა სულ ადვილი იქნებოდა ეს ყველაფერი ალაფუშეტის სტილში გადაეწყვიტათ და ჭამის ნაცვლად ეცეკვათ ან ესაუბრათ, ახლა პირს არ ცალია, სუფრაზე სხედან და ცდილობენ რაც შეიძლება მეტი საჭმელი ნთქან. ჰო და სულ დამავიწყდა ქორწილის ტრიუმფალური მომენტი – მოყვრების ჩხუბი, რომელიც ერთგვარ ტრადიციაში გადაიზარდა და ქორწილს უფრო ეშხიანს და აზარტულს ხდის.

ქართული დატირება და გასვენება კი უფრო ირონიაა ვიდრე რაიმე დრამატული მოვლენა. იმის ნაცვლად რომ მიცვალებულის მიმართ მოწიწება გამოიჩინონ, მის გარშემო სხედან და ეხვეწებიან „ ადექი შენებურად დატრიალდი სტუმრებს დახვდიო“ არა ხალხო, ეს ირონიაშიც არ „გადის“, რაღაც საშინლად დამთრგუნველი პროცესია და პლიუს დამცინავი. ძალიან კარგად იციან ეს აღარაფერს უშველის, მაგრამ აბა ესე რომ არ თქვან, ხალხი რას იტყვის? ხომ იტყვიან არ ყვარებიათ ის საცოდავიო, კივილის ხმაც კი არ გამოდის სახლიდანო?!  რაც უფრო ხმამაღლა ვიკივლებთ და ხმამაღლა დავიტირებთ მით უფრო ძვირფასი ყოფილა ეს ადამიანი, თმები უნდა დავიგლიჯოთ, სახე ჩამოვიხოკოთ და დავსვათ უამრავი შეკითხვა, რომელსაც პასუხი არ აქვს მაგ. : „ სად მიგეჩქარებოდა?“, „რატომ დამიტოვე ბოვშები ოლად?“ და კიდევ სხვა მათნაირები. მიცვალებულთან შესულნი გოდებით შემოუვლიან მას და კარგად ჩაატირებენ, ისე რომ სულ უცნობსაც შეიძლება თვალზე ცრემლი მოადგეს მათი ტანჯვის შემყურეს, იქიდან გამოსულები კი ერთმანეთში გადაილაპარაკებენ „დაინახე იქით ოთახში რა არეულობა იყო?“ ან „ ახალი ფარდები შეამჩნიე?  კარგი მატერია კი იყო, მაგრამ რა ეფარდებოდათ ახლა, მთასავით კაცი წაიქცა.“. გასვენება კი გვირგვინდება ქელეხით , რომელიც ქართველთა ჭამა-სმის სიყვარულს კიდევ ერთხელ  უსვავს ხაზს და გასვენებიდან დაბრუნებული ყვება თუ როგორი ზღაპრული შილა-ფლავი ჭამა და იფ-იფ რა კარგი სუფრა იყო. მე ვფიქრობ, რომ არავითარი სუფრა არაა საჭირო და არც ეს უაზრო დატირება, უფრო კორექტული იქნება Memorial-ის გაკეთება სადაც ტრიბუნასთან ყველა მოიგონებს გარდაცვლილთან რა მოგონებები აკავშირებდა და ამის შემდეგ მოხდება დაკრძალვა.

მთავარი ქართული პრობლემა კი არის გენდერული თანასწორობა რომელიც თეორიულად არსებობს, პრაქტიკულად კი – ოცნებად რჩება. ქართველ კაცებს უნდათ, რომ ქალი მათ საკუთრებას წარმოადგენდეს, რომ ქალმა აკეთის ის რასაც ისინი იტყვიან და რომ „ქალი ვიცი მე კუხნაში“. ქალებიც მათ  ემორჩილებიან, იმიტომ რომ ოჯახს ვერ დაანგრევენ, რადგან მერე „ხალხი რას იტყვის“. ოჯახში ძალადობაც უპასუხოდ რჩება, მხოლოდ იმიტომ რომ „ხალხი რას იტყვის“  ეს კი ჩვენვე ვიხილეთ, როგორ ფატალურ შედეგამდეც შეიძლება მივიდეს. თუ ქვეყანაში გენდერული თანასწორობა მენტალიტეტში არ გაზავდება, შეუძლებელია რამე გვეშველოს, რადგან იმ პრიმიტიული შეხედულებით რომ „მე კაცი ვარ და რასაც მინდა იმას ვიზავ“ და რომ „ მე კაცი ვარ და ამიტომ ჩემი სიტყვა კანონია“ ჩვენ შორს ვერ წავალთ.

 

პ.ს. ეს არის ჩემი აზრი, იმედი მაქვს ჩემს აზრს პატივისცემით მოეკიდებით და მაინც თუ ვინმე გამოხტებით კომენტარით „მარტო ცუდს რატომ ხედავთ ქართველებში?“ მითხარით რა არის კარგი, რომ დავინახო!

და ჩვენ, ვიღაც უცნობო!

და მე და შენ, ვიღაც უცნობო, წავალთ შორს.

ჩვენ ნიღბებით ვიქნებით, როგორც მასკარადზე. შენ ყაჩაღივით გექნება თვალები შავი ლენტით ახვეული.  მე – ნაზ ვერცხლისფერ ნიღაბს მოვირგებ, რომელიც მხოლოდ თვალებსა და ცხვირის ნაწილს დამალავს.

ეს იქნება ბალ-მასკარადი მხოლოდ ჩვენ ორისთვის.

და ჩვენ , ვიღაც უცნობო, ერთმანეთს სახელებსაც კი არ ვკითხავთ.

მე არ დამჭირდება ჩაგეხუტო ან თვალები დავხუჭო როცა ჩემს გრძნობებზე დაგელაპარაკები, რადგან თვალებში ყურება ვერ დამაბრკოლებს.

ჩვენ ერთმანეთს გავანდობთ ჩვენს ყველაზე ბნელ საიდუმლოებებს,  ერთმანეთს ვეტყვით იმას რასაც სხვას ვერ ვეტყოდით,  ერთი დღით ვიქცევით გადაშლილ წიგნად, მთელი ჩვენი ისტორიებით. ვისაუბრებთ ისე როგორც „გაგვისწორდება“ და არა ისე როგორც სუფრაზე მეგობრების წრეში ან სადმე ელიტარულ საზოგადოებაში, არ ვიფიქრებთ იმაზე, თუ როგორ შთაბეჭდილებას დავტოვებთ და ეს სულ ამ ნიღბების დამსახურება იქნება, ნიღბების – რომლებმაც ზღვარი გააქრეს.  თურმე რეალურ, გულწრფელ ურთიერთობებს ეს აკავებდა, ზღვარი – ვინაობისა.

და ჩვენ ვიღაც უცნობო, ამ დღის შემდეგ ერთმანეთს გამოვემშვიდობებით და ვეღარასდროს, ვეღარასდროს შევხვდებით, ან იქნებ შევხვდეთ კიდეც ვინ იცის? მაგრამ ჩვენ ერთმანეთს ვერ ვიცნობთ. და მე შენთვის და შენ ჩემთვის, ჩვენ ორივენი ვიქნებით ვიღაც უცნობები, რომლებმაც ერთმანეთს ერთი დღე გაულამაზეს.

და მე და შენ ვიღაც უცნობო, წავალთ შორს! შორს ერთმანეთისგან!

პ.ს. უბრალოდ ვფიქრობდი და რა კარგი იქნებოდა უცნობების ფესტივალი რომ იყოს, ადამიანები ემოციებისგან დაიცლებოდნენ. ფსიქოლოგიურად ვინმესთვის ყველაფრის გაზიარებას საკმაოდ კარგი შედეგი მოაქვს მაგრამ ფსიქოანალიტიკოსს ყველა ყველაფერს ვერ ეუბნება…

გადაჭარბებული.

გუშინ მივხვდი, თუ ასე გავაგრძელებ – გადავიწვები, დიახ, ნათურასავით გადავიწვები, ავფეთქდები. არა, გუშინ არა ამას უკვე 7 წელი იქნება რაც მივხვდი, მაგრამ მე ჩემი თავი ძლიერი მეგონა, გუშინ კი გაავაცნობიერე, რომ მორჩა მე აღარ შემიძლია ამდენის გაძლება, არ ვარ ძლიერი!

მე უსუსური ვარ!

უსუსური ვარ დროების წინაშე.

უსუსური ვარ მათ წინაშე, ვინც ჩემთვის ძვირფასია, და დიახ სწორედ იმიტომ ვარ უსუსური, რომ ისინი ჩემთვის ძვირფასნი არიან.

გადაჭარბება ქართველებისთვის სიახლეს არ წარმოადგენს, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, ქართველებს ხომ ყველაფერი გადაჭარბებული უყვართ, სიმღერაც, სმაც და ჭამაც, ხოდა მეც ასე ქართველურად მომივიდა.

გადავაჭარბე, ოღონდ არა ჩემს შესაძლებლობებს, მე მუშაობის დრო გადავაჭარბე. ამდენი დავალებები, სასწავლი, საკითხავი, საწერი მოკლედ ბევრი მომივიდა, საშინლად მჭირდება დასვენება. კარგი იქნებოდა ადრე მეფიქრა დასვენებაზე, მაგრამ ახლა ამის დრო არ მაქვს. თავის  დროზე უნდა მეზარმაცა, მაგრამ ვინ იფიქრებდა თუ ამასაც შეიძლებოდა ჰქონოდა თავისი პლიუსები.

მიზანი აღარ მაქვს.

აღარც მოტივაცია.

როგორც ანა ფრანკი წერს ” განწყობა ნულზე დაბალია”.

ჰმ… მაგრამ შემოდგომა-ზამთრისთვის არც ისე ცუდად ჟღერს, შესაფერისიც კია.