ლონდონური მარტოობა

ლონდონი, ადგილი სადაც წვიმა უფრო გიღრმავებს მარტოობის შეგრძნებას. ხალხი უკვე დიდი ხანია შეეჩვია ოქტომბრის დასაწყისში ასეთ წვიმებს და აღარავინ ერიდება ქუჩაში მიდი-მოდიან, ვერც გაამტყუნებ, განა შხაპუნა წვიმამ რა უნდა დააკლოსთ ისეთი, რომ მორიდებად და საქმის გადადებად ღირდეს? მოკლედ აქ წვიმშიც ვერ გამოხეტიალდები გარეთ, იმ იმედით, რომ შენთვის პატარა მყუდრო გარემო შეიქმნა, ან მარტოდმარტო ხეტიალით ცოტა გაირომანტიულო ეს ცხოვრება, თუკი არავინ გიწყობს ამაში ხელს, რატომ თავადვე არ უნდა შეიქმნა რომანტიკა? ხო მარტოხელას მეტი რა უნდა ორი-სამი სანთელი, ვარდი, რომელსაც თვითონვე დაიტოვებს კართან სანამ სამსახურში წავა და მერე იქიდან დაბრუნებული აღფრთოვანებით თავადვე  აღმოაჩენს მას, ან ვეღარ აღმოაჩენს, გააჩნია მეზობლების ნაირსახეობას.

* * *

აი კარზე ზარია.

მოხუცი მაწვდის პატარა ჯამით წვნიანს, და თავისი ღიმილიანი თვალებით მაშტერდება. ის ყოველთვის ამ დროს მოდის, მას შემდეგ რაც დავეხმარე და სიკვდილს ხელიდან გამოვტაცე, არ ვიცი ალბათ ესეც მადლიერების გამოხატულებაა. თავისი ლაჟვარდოვანი ცისფერი თვალებით ჩამიცინებს წვნიანს მომაწვდის და უხმოდ მიდის, ისე თითქოს ვალდებული იყოს, რომ ეს ყოველდღიურად აკეთოს.

-მადლობთ მისის ბრაუნ, ნუ წუხდებით ხოლმე. – ვეუბნები მაგრამ ის უკვე შეტრიალდა და წავიდა, წვნიანს ორთქლი ადის და გემრიელადაც გამოიყურება, მისის ბრაუნი მართლაც არაჩვეულებრივი კულინარია. წვნიანი ხელს მწვავს მაგიდაზე დავდგი და შემაჟრჟოლა, უკვე დიდი ხნია საკვების დანახვა არასასიამოვნო შეგრძნებებს იწვევს ჩემში…

მისის ბრაუნი წავიდა. ისევ მარტო დავრჩი.

* * *

დავიღალე, მაგრამ მარტოობით არა, ხალხმა დამღალა. სამყარომ დამღალა.

ირგვლივ ყოველივე ზიზღის გრძნობას იწვევს ჩემში.

სამყარო საშინლად ყარს, ყველგან სიდამპლის სუნს ვგრძნობ.

სათქმელს ვეღარავის ვეუბნები, ალბათ ამის ბრალია იმდენი ემოცია დამიგროვდა, რომ უკვე გული მერევა, თანაც დიახ პირდაპირი მნიშვნელობით, მე ცუდად ვარ, მოვიწამლე, ამ ემოციებმა მომწამლეს ზუსტად ისე როგორც საკვები წამლავს ადამიანს.

* * *

სიბნელეში სარკის წინ ვზივარ და რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს ეს მე მამშვიდებს, რადგან ვერანაირ ანარეკლს ვერ ვხედავ, ეს კი ისეთ ილუზიას მიქმნის, რომ მე გავქრი.

ფანჯრიდან შემოსულმა ქარმა ძვალ რბილში გაატანა, წვიმის წვეთები იატაკზე ეცემა, მაგრამ ახლა ეს ყველაზე ნაკლებად მანაღვლებს, როგორც ჩანს გარეთ ძლიერი ქარია, თმებმა თავისუფლება იგრძნეს, წესით ფანჯარა უნდა დავკეტო თორემ ამ აწეწილ თმას რამდენიც არ უნდა ვივარცხნო მაინც მთელი კვირა ვერ დავილაგებ, მაგრამ არც ეს მანაღვლებს.  მერე რა თუ თმამ, რომელიც ჩემს პიროვნებას ასე საგულდაგულოდ მალავს და ჩემს შესახებ ამდენ ინფორმაციას ფლობს ცოტა ხნით ფორმა იცვალა.

კანკალმა ამიტანა, მცივა ძალიან მცივა…

* * *

ეს ხომ პირველად არ ხდება? მე ხომ პირველად არ აღმოვჩნდი მარტოობის პირისპირ?! როგორც ადრე შევძელი ისევ შევძლებ წამოდგომას, მაგრამ არა, არის ადრინდელსა და ახლანდელს შორის დიდი განსხვავებაა, მე ადრე მინდოდა წამოდგომა, ახლა აღარ. ნეტავ კი არსებობს მიზეზი რისთვისაც ღირს, რომ ავდგე და ისევ გავაგრძელო სვლა? არამგონია.

დამღალა უკვე ამდენმა მცდელობამ, ალბათ სწორედ ამისთვის ვარ განწირული, ლონდონური მარტოობისთვის. მე ლეშად ვიქცევი, ცოცხალ ლეშად, რომელსაც საზოგადოება გაგლეჯს და აკუწავს.

და მე დავსრულდები…

დიახ დავსრულდები მოთხრობასავით…

* * *

აი აქ ვზივარ, შეიძლება გადავწყვიტო კიდეც ისევ წამოდგომა მაგრამ ეს არაფერს შეცვლის, ხვალ ისევ ლონდონურად გაწვიმდება. მისის ბრაუნი ისევ მომაწვდის წვნიანს რომლის დანახვაზეც ისევ შემაჟრჟოლებს და გამახსენდება, რომ მე გული მერევა, რომ მე ემოციებმა მომწამლეს და მე ისევ აღმოვჩნდები ლონდონური მარტოობის პირისპირ.

Advertisements