“რეცენზია” ქართველთა შესახებ

უწინაც ვთქვი და კიდევ ვიტყვი, ჩვენ ქართველებს, ყველაფერის გადაჭარბება გვიყვარს, სულ ყოველთვის ყველაფერი ზედმეტი მოგვდის ჭამაც, დალევაც, სიმღერაც, ხუმრობაც, ჩხუბიც და მოკლედ ქართული ტრადიციებიც ამ ჩვენი ზედმეტობის სიყვარულზეა აგებული.

ალბათ უფრო ქართველთა პრობლემას დავარქმევდი ე.წ. სტუმართმოყვარეობას რომელიც სინამდვილეში ნიღაბია ჭამა-სმის სიყვარულისა. ჩვენს ქვეყანაში ქეიფი ყოველდღეურობაა, ვჭამთ და ვსვავთ ყველგან სადაც კი მაგიდის დადგმა შეიძლება. საჭმელს არ ვივიწყებთ ოცნებასშიც კი, ჩაატარეთ ექსპერიმენტი და თქვით საზოგადოებაში „რა კარგი იქნებოდა ახლა ტყეში კოცონის გარშემო რომ ვისხდეთ“ ვიღაც აუცილებლად წამოაყრანტალებს, „კოცონი ტყეში და  მწვადი მმმ..“ ხო,  ვერ შეგედავებათ კაცი,  ტყეში „მწვადაობა“ მართლაც ერთი სიამოვნებაა, მაგრამ ეს კონკრეტული მაგალითია, უნდა ვაღიაროთ რომ ქართველთა უმეტესობა ძილშიც კი ქეიფზე ოცნებობს.

ყველასთან  მოგვაქვს თავი ჩვენი სუფრის კულტურით და მაინც რაში მდგომარეობს ეს ყოველივე?  მთავარი ატრიბუტი გახლავთ თამადა, რომელიც წესით უნდა იყოს მჭერმეტყველი, სუფრის ირგვლივ მჯდომნი უნდა უსმენდნენ მას, მოკლედ ის უნდა წარმართავდეს მთელს სუფრას. რეალურად კი სულ სხვა სურათი გვაქვს: თამადა არის არა მჭერმეტყველი – არამედ რაც შეიძლება დიდი ღიპის პატრონი, ზეპირად იცის ოციოდე სადღეგრძელო და ძნელად თვრება. თამადას რეალურად ევალება ჩემოდანივით მოხსნას პირი და რაც შეიძლება მეტი ღვინო გადაუშვას თავის სათუთ ღიპში, თუ ძალიან მაგარია „განსხვავებულსაც“ მოითხოვს რომელიც ან დიდი  ზომის სასმისია ან დიასახლისის ფეხსაცმელი.

ქართული ქორწილი ფენომენალური მოვლენაა, მე მას დავარქმევდი „გამოპრანჭულ ჭამას“ რადგან მთელი პროცესი მიდის სუფრის ფონზე თავისი სადღეგრძელოებით, მაგრამ თამადას არავინ უსმენს.  სტუმრები – ზუზუნებენ და არჩევენ რა აცვია მათ გვერდით მჯდომს, ან როგორ ჭამს გვერდით მაგიდაზე ის მსუქანი ქლბატონი, ვიღაც უკვე გვარიანად გამოთვრა და სახლშია წასაღები, ვიღაცას ცოლი ეჩხუბება „მანქანით ხარ, რაღა მოგივიდა მეტი არ დალიოო“, მოკლედ სუფრაზე სრული ქაოსია. ნეფე-პატარძალი მეჯვარეებთან ერთად ცალკე მაგიდაზე ზის. პატარძალი ნაძალადევად იღიმის, რადგან კორსეტი რომელიც იმ იმედით იყიდა, რომ ორ კვირაში გახდებოდა საშინლად უჭერს და კაბაზეც გამუდმებით ფეხს იდგავს. ნეფეს ერთი სული აქ როდის დასრულდება ყოველივე, რომ ბოლოს და ბოლოს ეს სულელური ჰალსტუხი მოიხსნას. არადა სულ ადვილი იქნებოდა ეს ყველაფერი ალაფუშეტის სტილში გადაეწყვიტათ და ჭამის ნაცვლად ეცეკვათ ან ესაუბრათ, ახლა პირს არ ცალია, სუფრაზე სხედან და ცდილობენ რაც შეიძლება მეტი საჭმელი ნთქან. ჰო და სულ დამავიწყდა ქორწილის ტრიუმფალური მომენტი – მოყვრების ჩხუბი, რომელიც ერთგვარ ტრადიციაში გადაიზარდა და ქორწილს უფრო ეშხიანს და აზარტულს ხდის.

ქართული დატირება და გასვენება კი უფრო ირონიაა ვიდრე რაიმე დრამატული მოვლენა. იმის ნაცვლად რომ მიცვალებულის მიმართ მოწიწება გამოიჩინონ, მის გარშემო სხედან და ეხვეწებიან „ ადექი შენებურად დატრიალდი სტუმრებს დახვდიო“ არა ხალხო, ეს ირონიაშიც არ „გადის“, რაღაც საშინლად დამთრგუნველი პროცესია და პლიუს დამცინავი. ძალიან კარგად იციან ეს აღარაფერს უშველის, მაგრამ აბა ესე რომ არ თქვან, ხალხი რას იტყვის? ხომ იტყვიან არ ყვარებიათ ის საცოდავიო, კივილის ხმაც კი არ გამოდის სახლიდანო?!  რაც უფრო ხმამაღლა ვიკივლებთ და ხმამაღლა დავიტირებთ მით უფრო ძვირფასი ყოფილა ეს ადამიანი, თმები უნდა დავიგლიჯოთ, სახე ჩამოვიხოკოთ და დავსვათ უამრავი შეკითხვა, რომელსაც პასუხი არ აქვს მაგ. : „ სად მიგეჩქარებოდა?“, „რატომ დამიტოვე ბოვშები ოლად?“ და კიდევ სხვა მათნაირები. მიცვალებულთან შესულნი გოდებით შემოუვლიან მას და კარგად ჩაატირებენ, ისე რომ სულ უცნობსაც შეიძლება თვალზე ცრემლი მოადგეს მათი ტანჯვის შემყურეს, იქიდან გამოსულები კი ერთმანეთში გადაილაპარაკებენ „დაინახე იქით ოთახში რა არეულობა იყო?“ ან „ ახალი ფარდები შეამჩნიე?  კარგი მატერია კი იყო, მაგრამ რა ეფარდებოდათ ახლა, მთასავით კაცი წაიქცა.“. გასვენება კი გვირგვინდება ქელეხით , რომელიც ქართველთა ჭამა-სმის სიყვარულს კიდევ ერთხელ  უსვავს ხაზს და გასვენებიდან დაბრუნებული ყვება თუ როგორი ზღაპრული შილა-ფლავი ჭამა და იფ-იფ რა კარგი სუფრა იყო. მე ვფიქრობ, რომ არავითარი სუფრა არაა საჭირო და არც ეს უაზრო დატირება, უფრო კორექტული იქნება Memorial-ის გაკეთება სადაც ტრიბუნასთან ყველა მოიგონებს გარდაცვლილთან რა მოგონებები აკავშირებდა და ამის შემდეგ მოხდება დაკრძალვა.

მთავარი ქართული პრობლემა კი არის გენდერული თანასწორობა რომელიც თეორიულად არსებობს, პრაქტიკულად კი – ოცნებად რჩება. ქართველ კაცებს უნდათ, რომ ქალი მათ საკუთრებას წარმოადგენდეს, რომ ქალმა აკეთის ის რასაც ისინი იტყვიან და რომ „ქალი ვიცი მე კუხნაში“. ქალებიც მათ  ემორჩილებიან, იმიტომ რომ ოჯახს ვერ დაანგრევენ, რადგან მერე „ხალხი რას იტყვის“. ოჯახში ძალადობაც უპასუხოდ რჩება, მხოლოდ იმიტომ რომ „ხალხი რას იტყვის“  ეს კი ჩვენვე ვიხილეთ, როგორ ფატალურ შედეგამდეც შეიძლება მივიდეს. თუ ქვეყანაში გენდერული თანასწორობა მენტალიტეტში არ გაზავდება, შეუძლებელია რამე გვეშველოს, რადგან იმ პრიმიტიული შეხედულებით რომ „მე კაცი ვარ და რასაც მინდა იმას ვიზავ“ და რომ „ მე კაცი ვარ და ამიტომ ჩემი სიტყვა კანონია“ ჩვენ შორს ვერ წავალთ.

 

პ.ს. ეს არის ჩემი აზრი, იმედი მაქვს ჩემს აზრს პატივისცემით მოეკიდებით და მაინც თუ ვინმე გამოხტებით კომენტარით „მარტო ცუდს რატომ ხედავთ ქართველებში?“ მითხარით რა არის კარგი, რომ დავინახო!

Advertisements

და ჩვენ, ვიღაც უცნობო!

და მე და შენ, ვიღაც უცნობო, წავალთ შორს.

ჩვენ ნიღბებით ვიქნებით, როგორც მასკარადზე. შენ ყაჩაღივით გექნება თვალები შავი ლენტით ახვეული.  მე – ნაზ ვერცხლისფერ ნიღაბს მოვირგებ, რომელიც მხოლოდ თვალებსა და ცხვირის ნაწილს დამალავს.

ეს იქნება ბალ-მასკარადი მხოლოდ ჩვენ ორისთვის.

და ჩვენ , ვიღაც უცნობო, ერთმანეთს სახელებსაც კი არ ვკითხავთ.

მე არ დამჭირდება ჩაგეხუტო ან თვალები დავხუჭო როცა ჩემს გრძნობებზე დაგელაპარაკები, რადგან თვალებში ყურება ვერ დამაბრკოლებს.

ჩვენ ერთმანეთს გავანდობთ ჩვენს ყველაზე ბნელ საიდუმლოებებს,  ერთმანეთს ვეტყვით იმას რასაც სხვას ვერ ვეტყოდით,  ერთი დღით ვიქცევით გადაშლილ წიგნად, მთელი ჩვენი ისტორიებით. ვისაუბრებთ ისე როგორც „გაგვისწორდება“ და არა ისე როგორც სუფრაზე მეგობრების წრეში ან სადმე ელიტარულ საზოგადოებაში, არ ვიფიქრებთ იმაზე, თუ როგორ შთაბეჭდილებას დავტოვებთ და ეს სულ ამ ნიღბების დამსახურება იქნება, ნიღბების – რომლებმაც ზღვარი გააქრეს.  თურმე რეალურ, გულწრფელ ურთიერთობებს ეს აკავებდა, ზღვარი – ვინაობისა.

და ჩვენ ვიღაც უცნობო, ამ დღის შემდეგ ერთმანეთს გამოვემშვიდობებით და ვეღარასდროს, ვეღარასდროს შევხვდებით, ან იქნებ შევხვდეთ კიდეც ვინ იცის? მაგრამ ჩვენ ერთმანეთს ვერ ვიცნობთ. და მე შენთვის და შენ ჩემთვის, ჩვენ ორივენი ვიქნებით ვიღაც უცნობები, რომლებმაც ერთმანეთს ერთი დღე გაულამაზეს.

და მე და შენ ვიღაც უცნობო, წავალთ შორს! შორს ერთმანეთისგან!

პ.ს. უბრალოდ ვფიქრობდი და რა კარგი იქნებოდა უცნობების ფესტივალი რომ იყოს, ადამიანები ემოციებისგან დაიცლებოდნენ. ფსიქოლოგიურად ვინმესთვის ყველაფრის გაზიარებას საკმაოდ კარგი შედეგი მოაქვს მაგრამ ფსიქოანალიტიკოსს ყველა ყველაფერს ვერ ეუბნება…